24 იანვარი

 „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 10 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, მიიღეს.

 „ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“  დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოდგინა.

 მისი განმარტებით,  ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 2018 წლის 20 დეკემბერს  თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს.

 კენჭისყრამდე სხდომაზე გაკეთდა განცხადებები. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა პროცესის ზაზა ოქუაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამდე შეჩერება მოითხოვა. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ამავე ფრაქციის წევრმა ასმათ დიასამიძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს განცხადების ელექტრონულ ვარიანტთან დაკავშირებითაც, რაზეც შესაბამისი განმარტებები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისაგან - დავით გაბაიძისგან და მომხსენებლისაგან მოისმინეს.

 განცხადებები გაკეთდა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან, ციტრუსის რეალიზაციასთან, რეგიონში ქონების პრივატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.