20 თებერვალი

 -წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ცვლილებები უნდა შევიდეს „თვითმმართველობის კოდექსში“, ლიცენზიებისა და ნებართვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ასევე საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსებში. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკის გზების შესახებ კანონის მიღება, სადაც გაიწერება  ტრანსპორტის მართვის ის ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოდელი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  დავით გაბაიძემ  სასტუმრო „ჰილტონში“, UNDP-GEF პროექტის - „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

 შეხვედრაზე, რომელშიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, რეგიონის მთავრობის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების რეკომენდებული რეგიონული სქემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმვის, მართვის რეგიონული სააგენტოს (უწყების) ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული მოდელი განიხილეს.