19 მარტი

  "მე არც ბოლშევიკების და არც მენშევიკების გენერალი ვარ, მე საქართველოს გენერალი ვარ" - ბათუმისათვის ბრძოლებიდან 98 წლისთავზე ბათუმში ამ სიტყვების ავტორი, დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და მისი თანამებრძოლები გაიხსენეს.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გიორგი მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ისტორიული თარიღის აღმნიშვნელ ღონისძიებას დაესწრნენ.

  სსიპ "აჭარის მუზეუმის" მიერ ღია ცისქვეშ ორგანიზებულ გამოფენაზე საგანგებოდ ამ დღისთვის ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის ისტორიული მუზეუმიდან ჩამოტანილი გიორგი მაზნიაშვილის ხმალი, ბათუმისათვის ბრძოლებისთვის დაღუპულ გმირთა საფლავების აღმოჩენისა და მათი პატივით დასაფლავების ამსახველი ფოტოები( ავტორი ფოტოხელოვანი გიზო ჩიგოგიძე) და გათხრებისას აღმოჩენილი საბრძოლო იარაღი გამოიფინა.