15 დეკემბერი

დავით თარხან-მოურავს უფლებამოსილება შეუწყდა -შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი კოლეგების წინაშე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი განცხადებით უსკო-ს 28 ნოემბერს მიმართა. მისი ანალოგიური განცხადება, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შემოვიდა, 30 ნოემბრით თარიღდება და ის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის სახელზეა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული პროცედურები შესაბამისი კანონმდებლობისა და ვადების სრული დაცვით წარიმართა.

კანონმდებლებს მომხსენებლისათვის დამატებითი შეკითხვებით აღარ მიუმართავთ, რის შემდეგაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ შესაბამისი დადგენილების პროექტი კენჭისყრაზე დააყენა და იგი მიღებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში.

კოლეგების წინაშე დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო, მეორე საკითხიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების მიზანშეწონილობის შესახებ“ დეპუტატებმა 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, საუბარია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომლის განხილვის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად გაგრძელდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ თავის გამოსვლაში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურების დაგვიანებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ კანონის პროექტი არ შეესაბამება წინასაარჩევნო დაპირებებს და არ ასახავს რეგიონში შექმნილ რეალობას.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ გამოსვლას საპირისპირო გამოსვლებითვე უპასუხეს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ფრაქციების წარმომადგენლებმა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთავრობაში შენიშვნებით გადაგზავნილი ბიუჯეტის კანონის პროექტი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით დაუბრუნდება აჭარის უმაღლეს საბჭოს.

გამოსვლები კამათში გადაიზარდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კოლეგებს შეახსენა, რომ თითოეული მათგანი ამომრჩევლის ხმას წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში და კოლეგებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სტუდენტებს შეხვდა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა გააცნო.

15 დეკემბრის პლენარული სხდომით აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია დაიხურა.