04 აპრილი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტი.

  საკითხის განხილვამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადებებისთვის განკუთვნილი დროით ისარგებლეს და ახლახანს გავრცელებული ფარულ ჩანაწერებზე, ასევე რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. განცხადებების შემდეგ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

  კოლეგების საპროტესტო განწყობას გამოეხმაურა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.  მისი განცხადებით, რეგლამენტის პროექტი, რომლის განხილვაში მონაწილეობაზეც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა, მოიცავს ძალზე მნიშვნელოვან პუნქტებს, რომლებიც აძლიერებენ უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელ ფუნქციებს. ამასთან, ახალი რეგლამენტით ოპოზიციას ეძლევა კვოტა მმართველ რგოლში, კერძოდ ყველა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

  ერთგვარი შესავალის შემდეგ, დავით გაბაიძე საკითხის განხილვაზე გადავიდა  და სხდომას, რეგლამენტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

 რამდენიმე რედაქციული შენიშვნის გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს: უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებს, ასევე უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, მესამე მოსმენით - 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.