16 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების 16 დეკემბრის გაერთიანებულ სხდომაზე კანონმდებლებმა აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაზე იმსჯელეს.

სხდომას, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა, მინისტრობის ოთხივე კანდიდატი ესწრებოდა.

დღის წესრიგის ერთხმად დამტკიცების შემდეგ, პირველი, ვინც დეპუტატების წინაშე წარსდგა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი, ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი გახლდათ. მის მიერ განვლილ გზასა და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობაზე კოლეგებსა და სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია ვლადიმერ მგალობლიშვილმა მიაწოდა. თავად კანდიდატმა კი უმაღლესი საბჭოს წევრებს სამინისტროს შემდგომი მუშაობის შესახებ ხედვები გააცნო და უპასუხა შეკითხვებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საკადრო ცვლილებებსაც შეეხებოდა. მინისტრობის კანდიდატმა უწყებაში არსებული კადრებით სტრუქტურული გადანაწილების შესაძლო ცვლილებებსა და კადრების გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი აღნიშნული უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ წარუდგინა კოლეგებს. მან პროფესიით ექიმის - ზაალ მიქელაძის მიერ დღემდე გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში რეგიონს უდავოდ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი ეყოლება.

კანდიდატმა, რომელიც ბოლო წლებში აჭარაში ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორად მუშაობდა, თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში გუნდურობის პრინციპით იხელმძღვანელებს. ზაალ მიქელაძემ კანონმდებლებს რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან ორ, თუმცა საკმაოდ მრავლისმომცველ მიმართულებაზე საკუთარი ხედვები გააცნო და უპასუხა შეკითხვებს.

კანონმდებლების წინაშე მინისტრის პოსტზე გაწეული 5-თვიანი საქმიანობის ერთგვარი ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით წარსდგა სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლაშა კომახიძე. მან ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა სფეროს განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტსა (2017-2020 წლები) და ინოვაციურ პროექტებზე, ცალკეული დარგების კუთხით ოპერატიულად გასატარებელ ღონისძიებებზე.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ამავე უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა რამაზ ბოლქვაძემ. ის 5 თვის განმავლობაში გახლდათ მინისტრი, თუმცა როგორც აღინიშნა, რამაზ ბოლქვაძეს უწყებაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მისი ხელახლა აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენა პროფესიონალიზმმა განაპირობა.

კითხვებზე პასუხების მიღების შემდგომ ორივე კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას.