16 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, ბულგარეთის საელჩოს მიერ აჭარის მთავრობის, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული გამოფენის საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გამოფენაზე, სახელწოდებით - „ზღვა ყველაფერს აერთიანებს“, შავი ზღვის აუზის უძველესი რუკები და მსოფლიო არქივებში დაცული ცნობილი ბულგარელი კოლექციონერების რუკების სამეცნიერო კვლევების შედეგებია წარმოდგენილი.

მერაბ კარანაძე მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა ქართულ-ბულგარულ ურთიერთობებზე.

საქართველოში ბულგარეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, ქალბატონ დესილავა ივანოვას განცხადებით, გამოფენა უკვე გაიმართა სოფიაში, ნიუ-იორკსა და პარიზში და მისი მიზანი მსოფლიო კარტოგრაფიის ისტორიაში ბულგარეთის მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენაა.

გამოფენა ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში 26 მაისამდე გაგრძელდება.