18 მაისი

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან - დავით გაბაიძესთან და თორნიკე რიჟვაძესთან, უმაღლესი საბჭოს წევრებთან - ხვიჩა შარაშიძესთან, გიორგი რომანაძესთან, გიორგი მანველიძესთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ გოდერძზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

 პრემიერ-მინისტრმა, ადგილობრივებთან შეხვედრისას, კურორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

 -კურორტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, აქ დამატებით ახალი საბაგირო გზისა და ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საავტომობილო გზა, ესაა ეროვნული პროექტი, რომელიც სცილდება მხოლოდ რეგიონულის მნიშვნელობას და სულ სხვა სიცოცხლესა და ენერგიას შემოიტანს ამ კუთხეში, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. მისი განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გაზიფიცირების პროექტი, რომელიც ნოემბერში რეალობად იქცევა.

 ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ითხოვეს თანადგომა. პრემიერ-მინისტრმა ამავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მოინახულა.