27 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-9 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა.
 საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და პროექტის განხილვის ვადები.
 ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
 რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვას, ბიურომ განსაზღვრა მისი განხილვის ვადები. საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.
 უმაღლესი საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება. დადგენილების პროექტი _ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ, რომელიც მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებებისათვის საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს.
 სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარმოადგინა.