შეხვედრა ერგეს მოსახლეობასთან

13 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მცხოვრებლებს შეხვდა.

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გაზიფიცირების პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

 როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 23 სოფელში ახორციელებს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ოქტომბერში დასრულდება და მისი ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, შედეგად ოთხი ათასამდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს, რისთვისაც, სავარაუდოდ, 15 500 000 ლარი გაიხარჯება.

 ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაწყებულია აჭარის სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო წინასაპროექტო მოკვლევაც. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2 ჯგუფი ხუთ მუნიციპალიტეტში (ჯამში 202 სოფელი) გაზიფიცირებისათვის საჭირო საკითხებზე მუშაობს. 2 თვის შემდეგ შედეგები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარედგინება შემდგომი ინიცირებისათვის.

 მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმაში დიდი ადგილი ეთმობა აჭარის სოფლების გაზიფიცირებას. 23 სოფელში პროექტირება დაწყებულია, ხოლო 202-ში ჩატარდება წინასაპროექტო მოკვლევა.