08 ივლისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პროექტის - „ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას“ ფინალური ეტაპის გამარჯვებული გორელი მოსწავლეები სტუმრობდნენ.

20-მდე ახალგაზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების  თავმჯდომარეებმა  - გიორგი რომანაძემ, ნუგზარ სურმანიძემ  საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ძირითადი პრინციპები, სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს საკონსტიტუციო  ცვლილებებზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის დამახასიათებელ დეტალებსა და ნიუანსებზე, საარჩევნო სისტემაზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.

ქალაქ გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტი სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას“, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,  მე-8 წელია ხორციელდება.  გამარჯვებულები, ტრადიციულად, საქართველოს პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს,  აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  სტუმრობენ.

პროექტი მომავალ იურისტებს სასამართლო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარება და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით მოსწავლეების დაინტერესების ზრდასა და მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელები, ქალაქ გორის მერიისა და  პრეზიდენტის რწმუნებულის შიდა ქართლის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.