11 ივლისი

   აჭარაში, ქობულეთში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობაში კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს და პროექტის რეალიზება აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გარდაქმნას უზრუნველყოფს.

   საზეიმო ღონისძიებას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები-გიორგი რომანაძე, გიორგი მანველიძე, მერაბ ბლადაძე,   საქართველოს  პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

   მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი 180 ჰექტარზე გაშენდება. მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება. პროექტში გათვალისწინებულია: გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები.

   ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთსა და მთლიანად რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250- ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში, სხვადასხვა ტიპის ობიექტები.

   პროექტს „გრინ რეზორთი“ კომპანია „ელ & ერ-თან“ პარტნიორობით განახორციელებს.