სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე

05 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თბილისში, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა შეთანხმდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ამ მიზნით შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მალე დარეგისტრირდება.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა.

ცვლილებები 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის გადანაწილებას, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.

კონსულტაციების მესამე რაუნდი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ, საქართველოში დემოკრატიული, დაბალანსებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

განცხადებები