12 აგვისტო

აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ამოქმედდა. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები  - ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს  ცენტრის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მომავალი თაობის როლსა და მნიშვნელობაზე, პრიორიტეტებზე, რომელთა განხორციელებაც სასიკეთოდ აისახება რეგიონსა და მთლიანად სახელმწიფოზე.

 ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე მოეწყო ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტების წარდგინება და ხელი მოეწერა მემორანდუმებს, რომელიც ახლად დაარსებულ სტრუქტურასა და  სხვადასხვა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაემთხვა, რეგიონის 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამ დღის აღსანიშნავი ახალგაზრდული ფესტივალი ბათუმში საოცრებათა პარკიდან დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდება.