22 აგვისტო

   საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხებზე იმსჯელეს.

  შეხვედრას, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ნინო ჩხეტია, ნუგზარ სურმანიძე, პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის,  საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოდერაციას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მოწვეული ექსპერტი მაკა მეშველიანი და საპარლამენტო პროგრამის კოორდინატორი ნაია ბეგაშვილი უწევდნენ.

  როგორც მოდერატორებმა აღნიშნეს, პარლამენტის კომიტეტმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით დაიწყო საკომიტეტო მოკვლევა შშმ ქალთა ჯანრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხზე. ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით იმართება შეხვედრები შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მოკვლევის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომელშიც აისახება არსებული გამოწვევების ანალიზი. ანგარიშშივე გაიწერება კონკრეტული რეკომენდაციებიც, რომლებიც შესაბამის სახელმწიფო უწყებებში გადაიგზავნება.