24 აგვისტო

  „კოლხობა“ - აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო დღესასწაული 40 წელს ითვლის და მას, ტრადიციულად, საზღვრისპირა სოფელი სარფი მასპინძლობს. ადგილობრივთა ზეიმის გასაზიარებლად აქ ამჯერადაც შეიკრიბნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე, საქართველოს პარლამენტის, ისრაელის ქსენეთის, აჭარის მთავრობის წევრები  და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

  სახალხო დღესასწაულს საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა და პირველად „ქვაომხაზობის“ სახელით გაიმართა. 1979 წლიდან მოყოლებული მას „კოლხობა“ ეწოდება და მეფე აიეტისა და მედეას მითს უკავშირდება.

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ და  და უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული ადგილობრივებთან ერთად,  თურქეთში მცხოვრებ ლაზებსა და ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც მიულოცა.

   სანაპიროზე ტრადიციულად გაიმართა  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლებისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და  ნახატების გამოფენა. სტუმრებს ადგილობრივები ლაზური კერძებით გაუმასპინძლდნენ.