30 აგვისტო

დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა სხდომაზე ფინანსთა და   ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა - 102,4 , შემოსავლების - 105, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში - 116 %-ით შესრულდა. მუნიციპალიტეტებისა და ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები: დავით გაბაიძე, ილია ვერძაძე) უმაღლესი საბჭოს წევრმა - ილია ვერძაძემ წარმოადგინა და მას კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა ცნობად მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშიც, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.