03 სექტემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.  დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბიუროს წევრებს მოკლე სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია. ცვლილებები პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული კონსესუსის თანახმად, უმაღლესი საბჭოს პროპორციული სისტემით არჩევნებს (ბუნებრივი ბარიერის პირობებში) ითვალისიწინებს. დავით გაბაიძემ ყურადღება გაამახვილა სხვა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საკანონმდებლო ორგანოს ადგილმონაცვლეობაზე. მისი განცხადებით, საკანონმდებლო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში აჭარის უმაღლეს საბჭოს 570 ათასი ლარი გამოეყოფა, რაც სხდომათა დარბაზისა და ბიუროს ოთახის ტექნიკური აღჭურვისთვის გაიხარჯება.

 დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  ელგუჯა ბაგრატიონმა, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენის შესახებ უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მიერ მომზადებული რეზოლუციის ჩაგდება, სამთავრობო ცვლილებები გააპროტესტა და სხდომა დატოვა.

 დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   2019   წლის   რესპუბლიკური  ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც  საფინანსო- საბიუჯეტო  და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

 ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დადგენილების პროექტი _ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის    წესით    საქართველოს    ორგანულ    კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე. საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ბაციკაძემ წარმოადგინა.

 კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტის - 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

 ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს დავით ბაციკაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ გამოყენების შესახებ.

  სხდომაზე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილების შესახებ საკითხი უმაღლესი  საბჭოს  აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა და მას ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.