16 სექტემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და გიორგი რომანაძე, მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ღელეს მეორე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.  2019-2020 სასწავლო წელს აქაური მოსწავლეები რეაბილიტირებულ სკოლაში იწყებენ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთლიანად შეიცვალა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ინფრასტრუქტურა. სკოლა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ დახმარებით განახლდა და აქ ამ ეტაპზე 200 მოსწავლე ირიცხება.

   ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 46 საჯარო სკოლიდან 8-ში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.

   სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო სოფელ წყავროკაშიც - აქ თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით, ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. 105 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღში ამჟამად 60 აღსაზრდელი ირიცხება.  საბავშვო ბაღის მშენებლობაზე , ინვენტარსა და ეზოს კეთილმოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა.