17 სექტემბერი

„სილეზიის სეიმიკი პოლონეთის რიგით მეორე რეგიონული საკანონმდებლო ორგანოა, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება. პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ წლების განმავლობაში ვგრძნობდით თანადგომას და მხარდაჭერას ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორისაგან და ეს იმითაცაა განპირობებული, რომ გვაქვს მსაგავსი ისტორია და გამოწვევები“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის (სეიმიკი) დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

სილეზიის დელეგაცია, სეიმიკის თავმჯდომარის იან კავულოკის მეთაურობით, ჩვენს რეგიონს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეწვია და მის შემადგენლობაში, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სილეზიის ფონდის ხელმძღვანელი და სავოევოდოს ვიცე-მარშალი ვოიცეხ კალუჟა შედიან.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ, ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეები რეგიონული თანამშრომლობის 4 ძირითად მიმართულებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მასპინძლებმა უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შენობიდან ქალაქ ბათუმში, საკანონმდებლო ორგანოს მომავალ შენობაში გადაინაცვლეს, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის სავოევოდოს რეგიონულ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორენადუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და იან კავულოკმა მოაწერეს ხელი, ევროინტეგრაციის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარემ იან კავულოკმა დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის და სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთან, პოლონელი სტუმრები  გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და პოტენციალს.