19 სექტემბერი

   მალე აჭარაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება და ამ პროცესს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის 11-წევრიანი საორგანიზაციო კომისია 3 კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს. შესაბამისი დადგენილების პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა და მას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

   დეპუტატების განცხადებების შემდეგ, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე»  დადგენილების  პროექტი  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით,  საორგანიზაცია კომისიის სხდომებზე დასწრება, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,  სურვილის შემთხვევაში,  შეუძლიათ როგორც უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე აპარატის თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. კომისია, რომელშიც უმაღლესი საბჭოს ყველა პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, უახლოეს სხდომაზე განსაზღვრავს კანონის პროექტების განხილვის გრაფიკს მუნიციპალიტეტების მიხედვით. განისაზღვრება სტუდენტ-ახალგაზრდობასთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლებთან შეხვედრების გრაფიკიც.

  საკანონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ცნობილია, ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ განაპირობა. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების პარალელურად, შესაბამისი ცვლილებები შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც, რაც ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. დავით გაბაიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი და მას შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტი განიხილავს საშემოდგომო სესიის განმავლობაში.

  -მოგიწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას აქტიურად ჩაერთოთ პროცესში. ჩვენ გვინდა იმ ფორმით დავხვეწოთ კანონი, რომ შემდგომში აღარ  გაჩნდეს კითხვის ნიშნები, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

  დადგენილების პროექტის განხილვისას სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა. პროექტის დამტკიცების შემდეგ, დავით გაბაიძე  დარბაზში მისთვის განკუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და სხდომა საქართველოს პარლამენტში წარსადგენი მორიგი საკანონმდებლო ინიციატივს განხილვით გაგრძელდა, რომელიც მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა - ილია ვერძაძემ წარმოადგინა. დადგენილების პროექტი _ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ 14 ხმით დამტკიცდა.

  12 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც კანონმდებლების შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და სატყეო პოლიტიკას განსაზღვრავს.

  სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ანგარიშები, რომლებიც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ნინო ჩხეტიამ წარმოადგინეს.