24 სექტემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ნინო ჩხეტია, გიორგი მანველიძე, ვახტანგ წულაძე, ცოტნე ანანიძე, ილია ვერძაძე, დავით ბაციკაძე, გიორგი რომანაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას დაესწრნენ.

 განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის, ოპოზიციის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

 საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე დარბაზში შეკრებილებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა - თორნიკე რიჟვაძემ  საყოველთაო-სახალხო განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - არჩილ თალაკვაძემ გააცნო. მისი განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო  სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება საზოგადოების მოთხოვნა იყო და პროპორციული არჩევნები, ნულოვანი ბარიერით, გამორიცხავს ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის დომინირებას ქვეყნის პარლამენტში.

 სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დარბაზს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები საარჩევნო ბარიერსა და ბლოკებთან დაკავშირებით, უპასუხეს მოქალაქეთა შეკითხვებს.

 აღინიშნა ისიც, რომ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონეზეც განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ვინაიდან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციულად და მოსახლეობა სწორედ პროპორციული წესით აირჩევს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ანუ ხმას მისცემს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია, რეგიონების შემდეგ, ბოლო შეხვედრას დედაქალაქში - 30 სექტემბერს გამართავს.