26 სექტემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი დავით თედორაძე, აჭარის ხელისუფლების, რეგიონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების, საზოგადოებისა და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ინტურისტში“, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 28 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.

 საზეიმო მიღებაზე, სომხეთის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში იეღიშე სარგსიანმა და მერაბ კარანაძემ, ჩვენი მეზობელი ქვეყნისათვის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღისა და საქართველო-სომხეთის, ორი მოძმე ერის ისტორიული, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

  -საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა, კეთილმეზობლობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ამას ისტორია გვავალდებულებს, ვინაიდან ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძლიერი მეზობელი, ძლიერი მეგობარი ყოველთვის იმედია და წარმატების მომტანი. ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს ამ დიდ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებ წარმატებას, განვითარებას, წინსვლას, - აღნიშნა მერაბ კარანაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

  ცნობისათვის: სომხეთის რესპუბლიკა ყოველი წლის 21 სექტემბერს ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. 28 წლის წინ - 1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა გამოეყო საბჭოთა კავშირს, რომლის შემადგენლობაშიც 1921 წლიდან შედიოდა. ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 99 პროცენტის ეს გადაწყვეტილება გაითვალისწინა სომხეთის რესპუბლიკის  იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ და რეფერენდუმის ჩატარებიდან 2 დღის შემდეგ სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.