27 სექტემბერი

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.  ჩვენი ქვეყნისათვის ამ ტრაგიკული დღიდან 26 წლის შემდეგ, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში, ტრადიციულად გმირთა  ხეივანში შეიკრიბნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის წევრებმა, ქალაქ  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, შეკრებილმა საზოგადოებამ, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის - ჟიული შარტავას მემორიალი. ის, სოხუმის დაცემის დღეს, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს სეპარატისტებმა.  

დაღუპულთა  სულების მოსახსენებელი პანაშვიდი  დეკანოზმა გრიგოლმა  გადაიხადა.

ქართულ - აფხაზური  კონფლიქტი  1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 13- თვიანი და 13- დღიანი დაპირისპირების   შედეგად   10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,300 ათასი კი  დღემდე დევნილია.