30 სექტემბერი

„ეს გახლავთ ცვლილება, რომელიც პოლიტიკურ ძალთა კონსესუსის საფუძველზე ხორციელდება“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის 11-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე.

პროპორციული საარჩევნო სისტემა, ბუნებრივი ბარიერი, ბლოკების ერთჯერადად არდაშვება, ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მომხსენებელმა გაამახვილა ყურადღება. კონსტიტუციური კანონის პროექტები _ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დავით გაბაიძის განცხადებით, სწორედ ამ სამი მიმართულებით ცვლილებას ითვალისწინებს. მომხსენებელმა აქვე ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და ნაკლოვან მხარეებზე.

 საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები შეკრებილებს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა - გია აბულაძემ, ილია ვერძაძემ, მერაბ ბლადაძემ, გიორგი ცინცქილაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, მერაბ კარანაძემ გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პარტიული სიების დაკომპლექტების პრინციპებმა, რაზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ამომწურავად ისაუბრა. კითხვები დაისვა მანდატების რაოდენობასა და პარტიების დაფინანსებაზე, გაჟღერდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების წინადადებაც.

 როგორც დავით გაბაიძემ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, მოქალაქეებს თავიანთი მოსაზრებებითა და წინადადებებით წერილობით შეუძლიათ მიმართონ საორგანიზაციო კომისიას და მათზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.