04 ოქტომბერი

აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები  ამჯერად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებასა და სტუდენტ-ახალგაზრდობის წარმომადგენლებს გააცნო.

„საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების დაკვეთაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პოზიცია. თქვენი მოსაზრებები აისახება შესაბამის ოქმში და მათზე მსჯელობა გაგრძელდება უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო კანონის პროექტების განხილვისას“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ცვლილებების მომზადების წინაპირობები, პროპორციული სისტემის დადებითი და ნაკლოვანი მხარეები განხილვის მონაწილეებს, პირველმა, ამჯერადაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო.

საორგანიზაციო კომისიამ, რომელშიც უმაღლესი საბჭოს ყველა პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი, ბათუმელ ამომრჩეველს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თითოეული პარტიის  პოზიციაზე მიაწოდა ინფორმაცია. კომისიის წევრებმა - გია აბულაძემ,  მერაბ კარანაძემ, მერაბ ბლადაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, გიორგი ცინცქილაძემ, ილია ვერძაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე, ბუნებრივ ბარიერსა და ბლოკების დაშვება-არდაშვებაზე ისაუბრეს. ეს უკანასკნელი სწორედ ის საკითხია, რაზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. უმცირესობის ნაწილს სამომავლოდ მართებულად მიაჩნია მანდატების რაოდენობის გაზრდაც, რაც ბარიერს შეამცირებს.

კომისიის წევრების გამოსვლების შემდეგ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოქალაქეებმა ე.წ. „დაკარგული ხმების“ რისკებზე, ბლოკებზე, გაუნაწილებელ მანდატებზე, სიებში გენდერული ბალანსზე, შშმ პირთა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.