04 ოქტომბერი

აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო.

„საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტები უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერაა ინიცირებული, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესია საზოგადოების აზრი, ვინაიდან თავის დროზე შერეული საარჩევნო სისტემა სწორედ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთით შენარჩუნდა“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სისტემის დადებით, ნაკლოვან მხარეებზე, ასევე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

 პარიტეტულ პრინციპებზე შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრებმა  ამომრჩეველს ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თითოეული პარტიის  პოზიცია გააცნეს. ხაზგასმით ითქვა, რომ ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია  ბლოკების დაშვება-არდაშვების საკითხი და მიუხედავად იმისა, მიიღწევა თუ არა შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარს დაუჭერს. უმცირესობის ნაწილის აზრით, სამომავლოდ, ბარიერის დაწევის მიზნით, მართებულია მანდატების რაოდენობის გაზრდა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გარეშე.

კომისიის წევრების გამოსვლების შემდეგ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკრებილთა ნაწილმა უმაღლესი საბჭოს წევრებს თავისი მოსაზრებები გააცნო ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.