23 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ ირაკლი ბერიძემ პოლონელ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლეს.

 ქვემო სილეზიის სავოევოდოს ქალაქ მილიჩის საჯარო და სატყეო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ქალაქ მილიჩის გმინასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამით ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში იმყოფებიან სტუმრად. სასწავლო კონფერენციების პარალელურად, სტუმრები ჩვენი რეგიონის ღირსშესანიშნაობებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეცნობიან.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურაზე, მისი საქმიანობის სპეციფიკასა და პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა იმ მჭიდრო-მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც აკავშირებს აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს.

 ზურაბ ჭურკვეიძემ და ირაკლი ბერიძემ უპასუხეს სტუმრების შეკითხვებს და  საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც დეკემბერში საპასუხო ვიზიტით ქალაქ მილიჩში გაემგზავრებიან.