25 ოქტომბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა - მრჩეველთა 4 კანდიდატს უყარეს კენჭი, რომელთაგან არჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა სამმა კანდიდატმა - თამარ წილოსანმა, თამილა დოლიძემ და სოსო სტურუამ მიიღო.

 დამოუკიდებელი დეპუტატის გიორგი ცინცქილაძის კანდიდატი დიანა ვაშაყმაძე - მომხრე -  6.

 დამოუკიდებელი დეპუტატის პეტრე ზამბახიძის კანდიდატი თამარ წილოსანი - მომხრე - 14.

 ფრაქცია ქართული ოცნება „მაჟორიტარების“ კანდიდატი თამილა დოლიაძე - მომხრე - 14.

 ფრაქცია ქართული ოცნება „აჭარას“  კანდიდატი  სოსო სტურუა- მომხრე  - 15.

 

 კანონმდებლებმა  პირველი მოსმენით განიხილეს და 16 ხმით მხარი დაუჭირეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 სხდომაზე 16 ხმით მიიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება. დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ  წარმოადგინა.

 დღესვე კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

 სხდომას  არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრები.