კომიტეტმა კანონის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

07 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ II მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

 4 თავისა და 17 მუხლისაგან შემდგარი კანონის პროექტი სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ  წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტის პირველი თავი მოიცავს ზოგად დებულებებს, რომლებიც ადგენს კანონის რეგულირების სფეროს, მეორე თავი ეთმობა ავტონომიური რესპუბლიკის დროშას, მესამე - გერბს, მეოთხე თავი კი გარდამავალ და დასკვნით დებულებებს მოიცავს.

კომიტეტმა მუხლობრივი განხილვის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.