07 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით ბაციკაძე, ხვიჩა შარაშიძე, ვახტანგ წულაძე, ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ  გამოფენა-კონცერტს - „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ დაესწრნენ.

 ღონისძიებაზე, გასული საუკუნის 30-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გააცოცხლეს, წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები.

 კონცერტის დაწყებამდე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა  ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რომელიც ტერიტორიის განვითარების დეტალურ კონცეფციასა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალურ გეგმას მოიცავს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ჭვანის ხეობის მაცხოვრებლებს, რომლებმაც ტრადიციები შემოინახეს და დღემდე „საკუთარი მხრებით“ მოიტანეს.  სტუმრებს ასევე მიესალმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში-ხვიჩა შარაშიძე.

 ღონისძიების სტუმრებმა, მუსიკალური ცენტრის ფოიეში, ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, ეთნოგრაფიული მასალები, მკვლევართა ჩანაწერები და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა დაათვალიერეს.

 საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა.