12 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს შეხვდნენ და შეკრებილებს დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

 თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, 580 ბინის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. ამასთან, სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. მუშავდება მონაცემთა ბაზები, ამ პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

 როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მძიმე საცხოვრებელი პირობებია - აქ სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი და მრავალშვილიანი ოჯახები ცხოვრობენ.

 როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნების მშენებლობა.