12 ნოემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისა და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები გრძელდება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020-2023 წლების პრიორიტეტები ამჯერად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, მომხსენებლის განცხადებით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და საშემოსავლო ნაწილის უპრეცედენტო - 11 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, 18 %-ით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება, სოლიდური თანხებია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. პროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი სიახლეა საგრანტო პროგრამების რეალიზების მიმართულებით, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, კერძოდ მყარი ნარჩენების გადამუშავება-მეორადი გამოყენების პროექტისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება-რეალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მომავალ წელს დაახლოებით 52 მილიონი ლარით დაფინანსდება რეგიონის მუნიციპალიტეტები, რასაც დაემატება მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდის 18-მილიონიანი დაფინანსებაც, გაგრძელდება მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები და ა.შ.  

 მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კანონმდებლებმა, კანონის პროექტს, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებით, 4 ხმით - 2-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

 სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ასევე წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.