კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

12 ნოემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლებს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტი და ბიუჯეტის შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.

 როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებით მომზადდა და მისი მიზანი რეგიონის მცხოვრებლების კეთილდღეობის გაზრდა-გაუმჯობესებაა.

 ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პროექტის თანახმად, უპრეცედენტოდ, 11 %-ით იზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი და ჯამში 290 მილიონი ლარით, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში - 10 194, 7 ათასი ლარით განისაზღვრება. 343 მილიონ ლარს აჭარბებს საბიუჯეტო ასიგნებები, იზრდება ყველა უწყების დაფინანსება.

 მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი - დაახლოებით 63 % ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან - 52  და მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდიდან -18 მილიონით, ჯამში 70 მილიონი ლარით დაფინანსდება აჭარის მუნიციპალიტეტები და ეს თანხა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე გაიხარჯება.

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამები გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს მინისტრის პირველმა მოადგილემ - ჯემალ სურმანიძემ წარუდგინა. უწყების თითქმის 56-მილიონიანი ბიუჯეტი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას ითავლისწინებს. მომავალი წლიდან გაიზრდება ახალგაზრდული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსებაც. ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს მაღალმთიანი აჭარის სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამას, რაც ბევრი ბავშვისა და მათი ოჯახებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის.

 მომხსენებელმა და თანამომხსენებელმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს და მოისმინეს მათი შენიშვნები.

 ორივე კომიტეტის მხარი დაუჭირეს განხილვის შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

 კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.

განცხადებები