13 ნოემბერი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მორიგი განხილვა გაიმართა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და ბიუჯეტის შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

 პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების წარდგენის შემდეგ, კანონმდებლების წინაშე მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი წლისთვის უწყების ბიუჯეტი უპრეცედენტოდ -18 %-ით იზრდება და 21 მილიონი ლარით განისაზღვრება, ეს კი მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანი  და ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების  დაფინანსების საშუალებას იძლევა.

 მინისტრებმა, მოხსენებების დასრულების შემდეგ, უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრები. უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვებისათვის შაქრის საზომი აპარატების პროგრამის შემუშავების წინადადებით მიმართა, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ კი ფსიქიატრიული პროფილის სტაციონარებში განთავსებული ბენეფიციარებისთვის ხანგრძლივი მოვლისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მან მინისტრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საცხოვრისის ტიპისა და მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებების (თითოეული 24 ბენეფიციარზე) შესაბამისი თანხის გამოყოფა შესთავაზა.

 კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებით, მხარი დაუჭირა კანონის პროექტის განხილვასთან დაკავშირებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

 კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ასევე ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ზაალ მიქელაძემ წარმოადგინეს.

 ამავე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრების - აკაკი ზოიძის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.