ცოტნე ანანიძე პატიმრებს შეხვდა

15 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მესამე საპყრობილეში მსჯავრდებულთა პრობლემებს გაეცნო.

 საკანონმდებლო ორგანოს წევრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მორიგი მისვლის მიზეზად ერთ-ერთი პატიმრის წერილი იქცა, რიმლითაც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მიმართა. მსჯავრდებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობაზე მიუთითებდა და უმაღლესი საბჭოს წევრთან შეხვედრას ითხოვდა.

 დეპუტატი შეხვედრის დასრულებისთანავე, გაესაუბრა სასჯელარასრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე დაუკავშირდა ყველა შესაბამის უწყებას და რეაგირების მიზნით, არსებულ ვითარებაზე შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღეს ზომები და აღნიშნულ პიროვნებას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება შესაბამისი ოპერაცია.

როგორც ცნობილია, ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეგულარულად ეცნობა პატიმართა პრობლემებს. ეს პენიტენციურ დაწესებულებაში დეპუტატის რიგით მე-15 შეხვედრა გახლდათ.

განცხადებები