22 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე იმსჯელეს.

  შეხვედრას, რომელსაც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვატანგ წულაძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, UNDP-ის დაცული ტერიტორიების პროექტის კოორდინატორი ირაკლი გორაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და მაჭახლის ისტორიული ხეობის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

  კანონის პროექტი, რომლის ავტორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების კომიტეტია, მიზნად ისახავს მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას.

  კანონის პროექტის მიღება განპირობებულია აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მისი ინიციატორი აჭარის უმაღლესი საბჭოა.

  კანონის პროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი ღონისძიებების გაცნობის შემდეგ კანონმდებლებმა უპასუხეს ადგილობრივთა შეკითხვებს და დეტალურად ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელიც ხეობის სამომავლო განვითარებასა და მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.