09 დეკემბერი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტისა და შესამაბისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხის განხილვამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ პროპორციული არჩევნების საკითხის ჩავარდნა გააპროტესტა და სხდომა ბოიკოტის ნიშნად დატოვა.

  კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, უმაღლესი საბჭოს შენიშვნების გათვალისწინებით, დაახლოების 350 მილიონი ლარით განისაზღვრება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში  7 მილიონი ლარით იზრდება სხვადასხვა შემოსავლების ნაწილი, სხვადასხვა პროგრამის განხორციელებისათვის დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ლარი ემატება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 580 ათასი ლარი  სოფლის მეურნების სამინისტროს, 490 ათასი ლარი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. აჭარის უმაღლესი საბჭოს შენიშვნები აისახა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებშიც.

  კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის დეტალური წარდგენის პარალელურად, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტისა და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.