10 დეკემბერი

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  რეგლამენტის პროექტი გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

  საკითხის განხილვამდე, აჭარაში პროპორციული საარჩევნო სისტემის მომავალთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უმაღლეს საბჭოში - გიორგი ცინცქილაძემ და გია აბულაძემ. ორივე მათგანმა, ბოიკოტის ნიშნად, სხდომა დატოვა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდა.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, მერაბ კარანაძის, ნუგზარ სურმანიძის, ილია ვერძაძის, დავით ბაციკაძის, დავით თედორაძის, ვახტანგ წულაძის მიერ ინიცირებული რეგლამენტის ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული მისამართის (ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის N37) ცვლილებითაა განპირობებული, სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 კომიტეტმა პროექტი პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით მოსმენისთვის მომზადებულად მიიჩნია.

 კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ» დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.