17 თებერვალი

 „ეს საარქივო მასალები კიდევ ერთხელ გვახსენებს ვინ ვართ, რანი ვართ და საიდან მოვდივართ. ეს გახლავთ მასალები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულისა და დღევანდელობისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის“, - ამ სიტყვებით გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გამოფენა სახელწოდებით - „საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან“, სადაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის სამუშაო ვერსია გამოიფინა.

 ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ დაიგეგმა, წარმოდგენილია 50-ზე მეტი დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტი სტამბოლის ქართული სავანიდან. ბათუმელი მეცნიერების მიერ მოპოვებული მასალები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ და  პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. მათ შორისაა საზღვარგარეთ გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი დღემდე უცნობი მასალები.

 გამოფენაზე, რომელსაც რეგიონის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ სიგელები გადასცა მეცნიერებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესწავლის საქმეში.

 ღონისძიებაზე დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დააჯილდოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ს ემერიტუს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია   სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული მასალების შესწავლა-მოპოვების თვალსაზრისით.

 გამოფენის პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერისტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც დავით გაბაიძემ და როინ მალაყმაძემ მოაწერეს ხელი.