16 აპრილი

  აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განიხილვის პროცედურები იწყება. საკითხი საკანონომდებლო ორგანოს ბიუროს მე-6 სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  მსოფლიოსა და ქვეყანაში დღეს არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ცვლილებები შედის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში. პროექტი სხდომაზე მისმა ინიციატორმა - უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

  პირველი ცვლილების მიზანი ისეთი სამართლებრივი საფუძვლის შექმნაა, რომლის პირობებშიც, შესაბამისი ობიექტური გარემოებების არსებობისას, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება უმაღლესი საბჭოს დისტანციური საქმიანობა, ასევე ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მოქმედების გამოცხადების დროს უმაღლესი საბჭოს მიერ საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობის გაგრძელების სპეციალური სამართლებრივი რეგულაციის დადგენა.

   დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი რეგლამენტის მეორე ცვლილება საკანონმდებლო ორგანოში ღია მმართველობის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს და მისი მიზანი ისეთი მუდმივმოქმედი ორგანოს არსებობაა, რომელიც ჩართული იქნება და ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

  ორივე ცვლილება, ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

  ბიუროს სხდომაზე ასევე განისაზღვრა „მინისტრის საათის“ გამართვის თარიღი და იმსჯელეს სხვადასხვა, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ცვლილების საკითხზე.

 წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.