29 აპრილი

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-8 სხდომაზე მიიღეს.

  უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირების შესახებ“, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 100 ათასი ლარი, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაიწერება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

  ორივე საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარუდგინა.

  უმაღლესი საბჭოს წევრის  - დავით გაბაიძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ. რეგლამენტის

პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ორ მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს:

  პირველი ცვლილება, ობიექტური გარემოებების არსებობისას, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უმაღლესი საბჭოს დისტანციურ საქმიანობას, ასევე ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მოქმედების გამოცხადების დროს უმაღლესი საბჭოს მიერ საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას ითვალისწინებს. მეორე ცვლილების თანახმად კი, უმაღლეს საბჭოში შეიქმნება მუდმივმოქმედი ორგანო -  ღია მმართველობის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

   ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებსა და ფრაქციებში განსახილველად ჩაეშვა უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, რომელიც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

   სხდომის დასასრულს, ბიურომ განსაზღვრა უმაღლესი საბჭოს 30 აპრილის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი და იმსჯელა სხვადასხვა საკითხზე.