აგრარულ და გარემოს დაცვის  საკითხთა კომიტეტის სხდომა

05 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლების წინაშე  2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

 სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“, აგრარულ  და გარემოს  დაცვის საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის განხილვის პროცედურების გაგრძელებას.

 სხდომის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“  და „მედიაციის შესახებ“,„რეგულირების საფასურის შესახებ“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“  და „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 

  სხდომაზე, ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი  ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, კომიტეტმა ცნობად მიიღო.

 

განცხადებები

დღის წესრიგი