28 მაისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო თავის საქმიანობაში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პრინციპების იმპლემენტაცია, ამ მიზნით 2020 წლის 30 აპრილს რეგლამენტში შესული ცვლილებების შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში 2020 წლის 19 მაისს შეიქმნა მუდმივმოქმედი ორგანო - ღია მმართველობის საბჭო.

 აღნიშნული საბჭო ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას ინსტიტუციური ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ღია მმართველობის საბჭო გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

  აჭარის უმაღლესი საბჭო იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ღია მმართველობის საბჭოს პირველ სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშია დებულების პროექტის განხილვა. 

 ორგანიზაციებს შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებები,  წინადადებები  და რეკომენდაციები დებულების პროექტთან დაკავშირებით წარადგინონ 2020 წლის 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  contact@sca.ge.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინტეგრაცია ღია მმართველობის პარტნიორობაში, ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ინიციატივის ფარგლებში. ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა მიმდინარეობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. 

⇒ იხ. დებულების პროექტი