12 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების  მორიგი აქცია გაიმართა და იგი დონორთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 14 ივნისს აღინიშნება.

  მსგავსი აქციები საკანონმდებლო ორგანოში, სისხლის ბანკის შპს „ჰემა - 2012-ის“ წარმომადგენლების დახმარებით, რამდენიმე წელია ტარდება და ერთგვარ ტრადიციადაც დამკვიდრდა. ამჯერად სისხლის ბანკის მარაგი უმაღლესი საბჭოს 20-მდე წარმომადგენლის სისხლით შეივსო. უმაღლესი საბჭოს წევრები და თანამშრომლები წელიწადში ორჯერ უერთდებიან სისხლის უანგაროდ ჩაბარების აქციებს სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად.

  დონაციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა, რომელზეც 10 აქტიურ დონორს სპეციალური სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, შპს «ჰემა -2012-ის“ ხელმძღვანელმა ბეჟან ბერიძემ გადასცეს.

  50-წლიანი პროფესიული საქმიანობისა და სისხლის სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს სპეციალური „მადლობის სიგელით“ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ შპს „ჰემა - 2012-ის“ სისხლის სამსახურის უფროსი ექთანი მიმოზა მალაზონია დააჯილდოვა.

  უმაღლესი საბჭოს წევრებმა სისხლის ბანკის თანამშრომლებსა და დონორებს დონორთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქმე რომელსაც ისინი ემსახურებიან, ყველაზე ძვირფასი ღირებულების - სიცოცხლის გადარჩენისა და შესაბამისად, ქვეყნის სამსახურია.

  კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ სტუმარსა და იმ  მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სისხლის ბანკთან და უამრავ ადამიანს ჩუქნიან სიცოცხლეს.