17 ივნისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-12 სხდომაზე, კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი,  რომელიც საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, გამარტივებული წესით პლენარულ სხდომაზე განიხილება.

  ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს  კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.

  ბიუროს წევრებმა, შენიშვნის გათვალისწინებით, განსაზღვრეს 18 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

  პლენარული სხდომით უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურება.