07 აგვისტო

   აჭარის  2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-20 სხდომაზე მიიღეს. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში დასრულდა კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“. უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის ეს ინიციატივა სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარადგინა. კანონპროექტის მიზანია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სახეობები და მათი მინიჭების წესი, რათა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული ზემოაღნიშნული საკითხი.

  რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასევე შევიდა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი  კიდევ ერთი კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.  კანონპროექტის მიზანი აღნიშნული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან სრულყოფილი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფაა. როგორც ცნობილია, კონსტიტუციური კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგი არჩევნებიდან უმაღლესი საბჭოს 21-ვე წევრი აირჩევა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში კანონის პროექტის - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განხილვის პროცედურები იწყება. საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა.

 ამავე სხდომაზე, ბიურომ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის უქმე დღეს გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.