17 დეკემბერი

 უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით დაიხურა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე კანონმდებლებმა კოლეგების განცხადებები მოისმინეს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხის განხილვა დაიწყო: დადგენილების პროექტი ,,წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“ ერთხმად დამტკიცდა.

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენების განხილვამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრებს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები გააცნო, რის შემდეგაც შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებლებმა - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ წარმოადგინეს.

 ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 328 474, 0, ათასი, ხოლო შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 326 474, 0 ათასი ლარია, რაც 6,4 %-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია პანდემიის პრევენციულ ღონისძიებებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე, ყველა პროგრამაში იზრდება ბენეფიციართა რაოდენობა, ამასთან შეუფერხებლად გაგრძელდება ყველა ინფრასტრუქტურული და მსხვილი პროექტი, რომლებიც რეგიონისა და მისი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია. მომავალი წლისთვის გაგრძელდება სასწავლო სკოლების რეაბილიტაცია-აღჭურვის პროგრამები, მაღალმთიანეთში მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის და სხვა პროგრამები. სიახლეების პარალელურად, გაგრძელდება სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამები და ქვეპროგრამები. მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია კანონმდებლების შენიშვნები.

 ბიუჯეტის პროექტის მუხლობრივი განხილვის, კითხვა-პასუხისა და გამოსვლების დასრულების შემდეგ, აღინიშნა, რომ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას რეგიონი პანდემიით გამოწვეული ვითარების ფონზე.

 კანონის პროექტი 14 ხმით დამტკიცდა.