12 თებერვალი

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამორჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

უმაღლესი საბჭოს წევრების - ტიტე აროშიძის, ცოტნე ანანიძისა და ფრიდონ ფუტკარაძის მიერ ინიცირებული პროექტი, კომიტეტის მორიგ სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს წევრმა  -  ტიტე აროშიძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, პროექტი მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩეველთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში - 2, 29-ე ოლქში - 1, ხოლო 30-ე ოლქში, რომელსაც ხელვაჩაური დაემატა, 3-ის ნაცვლად - 4 წარმომადგენელი იმუშავებს.

კომიტეტის წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც.

უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ ინიციატივა, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტით გათვალისწინებული კიდევ ერთი სიახლეა.