25 თებერვალი

  საბავშვო ბაღებში 1 მარტიდან სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ბაღების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვა, სამედიცინო პროტოკოლის დაცვა, აღმზრდელთა ტესტირება, ბაღებში აღსაზრდელების მისვლის გრაფიკის კონტროლი, საკვები პროდუქტები, მენიუ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეხვედრის უმთავრესი თემები იყო.

 აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან, ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლომდე მერია და შესაბამისი სამსახურები დამატებით მონიტორინგს განახორციელებენ.

 შეხვედრას აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი - ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი - მირიან ქათამაძე, ბაღების გაერთიანების, რესურსცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.